User-Agreement

ხელშეკრულება ელექტროავტომობილების დამმუხტველი ქსელით სარგებლობის შესახებ

წინამდებარე ხელშეკრულება ელექტროავტომობილების დამმუხტველი ქსელით სარგებლობის შესახებ გაფორმებული ერთი მხრივ შპს „ქართლიენერჯი“-სა და მეორე მხრივ მომხმარებელს შორის.


1. ტერმინთა განმარტება

თუ სხვაგვარად არ გამომდინარეობს წინამდებარე ხელშეკრულებიდან, გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:

„ხელშეკრულება“ - ელექტრომანქანების დამმუხტველი ქსელით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება;

„კომპანია“ - შპს „ქართლიენერჯი“; იურ. პირი რეგისტრირებული და მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო ნომერი: 404561568; მის: საქართველო, თბილისი, ბაგები, წყნეთის გზადკეცილი #67; ელ ფოსტა: info@aienergy.ge

„აპლიკაცია“ - კომპანიის მიერ პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც შექმნილია ელექტრონული მოწყობილობებისთვის, წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია კომპანიის მიერ ოპერირებადი ელექტროავტომობილების დამმუხტველი ქსელით სარგებლობა.

„მომხმარებელი“ - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც წარმატებით გაიარა ელექტრონული რეგისტრაცია აპლიკაციაში ხელშეკრულების პირობების თანახმად

„ელექტრონული მოწყობილობა“ - მომხმარებლის ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც ჩართულია ინტერნეტში და მუშაობს “Android”-ის ან “iOS”-ის ოპერაციულ სისტემაზე და შესაძლებელს ხდის მომხმარებლის მიერ კომპანიის ოპერირებადი ელექტროავტომობილების დამმუხტველი ქსელით სარგებლობის შესაძლებლობას აპლიკაციის მეშვეობით.

„რეგისტრაცია“ - ელექტრონულ მოწყობილობაზე ჩამოტვირთული ავტორიზებული აპლიკაციით მოთხოვნილი ქმედებების დასრულება.

„მომხმარებლის იდენტიფიკაცია“ - კომპანიის უფლება, შეამოწმოს მომხმარებლის მიერ აპლიკაციაში შეყავანილი პერსონალური მონაცემების სისწორე მომხმარებლის ნამდვილ მონაცემებთან.

„ყალბი ანგარიში“ - ანგარიში, რომელიც შექმნილია არასწორი ინფორმაციის ან/და სხვა არასწორი დოკუმენტაციის გამოყენებით ან/და რომელიც ეკუთვნის ნებისმიერ სხვა პირს და არა მომხმარებელს.

„პერსონალური ინფორმაცია“ - “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული, მომხმარებელთან დაკავშირებული მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია.

„ელექტროავტომობილის დამმუხტველი“ - კომპანიის მიერ ოპერირებადი ელექტროავტომობილების დამმუხტველი, რომელიც მონიშნულია აპლიკაციაში არსებულ რუკაზე.

„ტარიფი“ - ელექტროავტომობილების დამმუხტველი ქსელით სარგებლობისთვის კომპანიის მიერ დადგენილი საფასური, რომელიც ასახულია აპლიკაციაში.

„საბანკო ანგარიში“ - მომხმარებლის საკუთრებაში არსებული მოქმედი საბანკო ანგარიში, რომელიც გახსნილია ადგილობრივ ან უცხოურ კომერციულ ბანკში/საფინანსო ინსტიტუტში და უფლებას ანიჭებს მომხმარებელს, პლასტიკური ბარათის მეშვეობით, რომელიც მიბმულია საბანკო ანგარიშზე, განახორციელოს გადახდები კომპანიის მიმართ ელექტროავტომობილის დამმუხტველით სარგებლობისთვის.

„პლასტიკური ბარათი“ - მომხმარებლის მოქმედი საბანკო სადებიტო ან საკრედიტო ბარათი, რომლის მონაცემებიც მომხმარებლის მიერ შეყვანილია აპლიკაციაში და გამოიყენება კომპანიის მიერ მომხმარებლისგან ელექტროავტომობილის დამმუხტველით სარგებლობისათვის შესაბამისი გადასახადების ჩამოწერის ან/და შეგროვების მიზნით.

„ჩამოწერა“ - მომხმარებლის დამატებითი მიღების ან/და თნხმობის გარეშე საბანკო ანგარიშიდან ფულადი თანხების ჩამოწერა.

„შეტყობინება“ - კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის აპლიკაციით ან/და კომუნიკაციის სხვა საშუალებით მომხმარებლის მიერ მითითებულ საკონტაქტო ინფორმაციაზე გაგზავნილი შეტყობინება.

„ვებ გვერდი“ - კომპანიის საკუთრებაში არსებული ვებ-გვერდი - www.aienergy.ge


2. ხელშეკრულების საგანი

2.1კომპანია ელექტროავტომობილ(ებ)ის დამუხტვის მიზნით, მომხმარებელს უფლებას აძლევს, აპლიკაციის საშუალებით, მოძებნოს ელექტროავტომობილის დამმუხტველ(ებ)ის ადგილმდებარეობა და ისარგებლოს ელექტროავტომობილის დამმუხტველ(ებ)ით, შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ.

2.2ელექტროავტომობილის დამმუხტველ(ებ)ით სარგებლობის სახეები განისაზღვრება აპლიკაციის მეშვეობითმ რომელშიც ასახულია ასეთი სარგებლობის პირობები და ტარიფები.


3. განცხადებები და გარანტიები

3.1მომხმარებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას კომპანიის წინაშე, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში:

3.1.1შეასრულებს ხელშეკრულებით და აპლიკაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

3.1.2კომპანიისათვის მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის სრული განახლებული და მოქმედი;

3.1.3საქართველოს კანონმდებლობის თანახმად უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება;

3.1.4გაეცნო ხელშეკრულების პირობებს მისთვის გასაგებ ენაზე/ფორმით და ადასტურებს მათ მიღებას;

3.1.5ცნობილია და ეთანხმება ხელშეკრულების ერთიანობას, აპლიკაციასთან და დანართებთან ერთად;

3.1.6ეთანხმება ხელშეკრულების, აპლიკაციის ან/და დანართების ნებისმიერი ცვლილება შესაძლებელია განხორციელდეს კომპანიის მიერ ცალმხრივად ნებისმიერ დროს, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში და მომხმარებლის მიერ შესაბამისი შეწყვეტის უფლების გამოუყენებლობის შემთხვევაში ასეთი ცვლილებები/შეთანხმებები სავალდებულოა მომხმარებლისთვის;

3.1.7კომპანიას ანიჭებს უფლებამოსილებას, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, შეინახოს და დაამუშაოს/გამოიყენოს მომხმარებლის მიერ მიწოდებული პერსონალური ინფორმაცია და მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მესამე პირებს, შემდგომი დამუშავების უფლებით გადასცეს ასეთი ინფორმაცია;

3.1.8მხარეთა განცხადებები და გარანტიები წარმოადგენს სავალდებულო ხასიათის მქონე დებულებებს და მათი დარღვევა უტოლდება ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევას.


4. ხელშეკრულების ძალაში შესვლა

4.1ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს განუსაზრვრელი ვადით, მხარეთა მიერ მის შეწყვეტამდე.

4.2ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღად ჩაითვლება, მომხმარებლის მიერ აპლიკაციის მეშვეობით ხელშეკრულების ხელმოწერა (აპლიკაციაში ღილაკის „თანხმობა“ მონიშვნა), რომლითაც იგი ეთანხმება ხელშეკრულების წესებსა და პირობებს.


5. მომხმარებლის უფლება-მოვალეობანი

5.1მომხმარებელი უფლებამოსილია:

ა)ისარგებლოს აპლიკაციით განსაზღვრული სერვისებით;

ბ)ნებისმიერ დროს შეწყვიტოს რეგისტრაცია;

გ)მოთხოვოს კომპანიას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება;

დ)მიმართოს კომპანიას დაბრკოლების/ხარვეის არსებობის შემთხვევაში;

ე)გააუქმოს რეგისტრაცია აპლიკაციაში/შეწყვიტოს ხელშეკრულება იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმება კომპანიის მიერ მასში შეტანილ ცვლილებებს.

5.2მომხმარებელი ვალდებულია:

ა)დარეგისტრირდეს აპლიკაციაში მხოლოდ თავისი პირადი მონაცემებით;

ბ)არ დაუშვას თავისი სარეგისტრაციო მონაცემების მესამე პირისთვის გადაცემა;

გ)არ გადასცეს მესამე პირ(ებ)ს ხელშეკრულებიდან გამომდინარე თავისი უფლება-მოვალეობები;

დ)ელექტრონული მოწყობილობის მესამე პირისთვის გადაცემის შემთხვევაში, წაშალოს/გააუქმოს აპლიკაცია.

ე)არ სცადოს აპლიკაციის პროგრამული ნაწილში შეღწევა ან/და შეცვლა/დაკოპირება;

ვ)არ გამოიყენოს აპლიკაციის ლოგო ან/და სასაქონლო ნიშანი თავისი ან/და მესამე პირის სასარგებლოდ;

ზ)იმ შემთხვევაში თუ მომხმარებლის პლასტიკური ბარათი/საბანკო ანგარიში გაუქმდება/დაკარგავს ძალას ნებისმიერი მიზეზით და კომპანია ვერ ახერხერბს ტარიფის ან სხვა გადასახადის ჩამოწერას, დაუყოვნებლივ - არაუგვიანეს ასეთი გარემოების დადგომიდან 1(ერთი) სამუშაო დღის ვადაში, აცნობოს კომპანიას ასეთი გარემოების დადგომის შესახებ და ჩაანაცვლოს ან/და მიაწოდოს მეიჯარეს ალტერნატიული საბანკო ანგარიში/პლასტიკური ბარათი შემდგომი ჩამოწერისათვის;

თ)აუნაზღაუროს კომპანიას ნებისმიერი პირდაპირი/არაპირდაპირი, მატერიალური/არამატერიალური ზიანი გამოწვეული მისი განზრახი ან/და გაუფრთხილებელი ქმედებით/უმოქმედობით;

ი)ნებისმიერი ინციდენტის ან/და სადაო შემთხვევის ან/და მესამე პირების მოთხოვნის შემთხვევაში ან/და მეიჯარის მოთხოვნით, მომხმარებელი ვალდებულია, გამოცხადდეს კომპანიის ოფისში ან.და მითითებულ ადგილზე/ტერიტორიაზე და ითანამშრომლოს კომპანიასთან ან/და კომპანიის მიერ დასახელებულ ნებისმიერ პირთ(ებ)ან და მიაწოდოს ნებისმიერი დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რომელიც შესაძლებელია საჭირო იყოს ყოველი კონკრეტული შემთხვევისას; ასევე მომხმარებელი ვალდებულია განახორციელოს მის ხელთ არსებული ყველა საჭირო ქმედება, რათა შეამციროს ნებისმიერი ხარჯი/გადასახადი, რომელიც შეიძლება დაეკისროს კომპანიას მომხმარებლის ქმედების/უმოქმედობის გამო. მომხმარებლის მიერ ზემოხსენებული ვალდებულების შეუსრულებლობა, კომპანიას ანიჭებს უფლებამოსილებას დააკისროს მას ფინანსური ვალდებულება.

5.3კომპანია უფლებამოსილია:

ა)ცალმხრივად შეცვალოს ხელშეკრულების პირობები, მომხმარებლისთვის შეტყობინების გზით - აპკლიკაციის ან/და სხვა ნებისმიერი კომუნიკაციის საშუალებით;

ბ)ცალმხრივად შეცვალოს ხელშეკრულების ტარიფები;

გ)შეაჩეროს მომხმარებლის წვდომა აპლიკაციასთან ან/და გაუუქმოს მას რეგისტრაცია; ცალმხრივად ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე შეწყვიტოს ხელშეკრულება მომხმარებელთან;

დ)დაამატოს ახალი სერვისები აპლიკაციაში;

ე)ხელშეკრულების 5.2. პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის დადგომის შემთხვევაში, მოთხოვოს მომხმარებელს ნებისმიერი ფულადი ვალდებულების შესრულება, მათ შორის ნაღდი ანგარიშსწორების გზით.

ვ)ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშავოს მომხმარებლის იდენტიფიცირებისა და მომსახურების შემდგომი გაუმჯობესების მიზნით, მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც მიწოდებულია თავად მომხმარებლის მიერ;

ზ)ხელშეკრულებისა და აპლიკაციის მიხედვით, მომხმარებლის საბანკო ანგარიშიდან ჩამოწეროს მომსახურების ტარიფი ან/და სხვა ნებისმიერი ხარჯი/გადასახადი, რომელიც უნდა გადაიხადოს მომხმარებელმა ხელშეკრულების ან/და აპლიკაციის თანახმად;

თ)გამოიყენოს მისთვის ხელშეკრულებით და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ნებისმიერი უფლება; განახორციელოს მომხმარებლის მიერ ვალდებულების შესრულების მიზნით აუცილებელი ნებისმიერი კანონიერი ქმედება, რომელიც პირდაპირ არ არის განსაზღვრული ხელშეკრულებით;


6. პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება

6.1კომპანია თავვისუფლდება პასუხისმგებლობისგან ფორს-მაჟორული გარემოებ(ებ)ის დადგომის შემთხვევაში.

6.2ფორს-მაჟორულ გარემოებ(ებ)ად მიიჩნევა ისეთი გარემოებები, რომელთა გათვალისწინება გონივრული მეთოდით შეუძლებელია, მათ შორის და არა მხოლოდ: მიწისძვრა, წყალდიდობა, ხანძარი, ქარიშხალი, დიდთოვლობა, ნისლი, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება, სამხედრო მოქმედებები, ეპიდემიები, გაფიძვები, ბლოკადა, ემბარგო, ელექტროენერგიის შეფერხება, საბანკო სისტემის/მომსახურების შეფერხება და სხვა გარემოებები, რომლებიც უშუალოდ ახდენენ გავლენას კომპანიის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.


7. ტარიფი, სხვა გადასახადები და გადახდის პირობები

7.1ტარიფი განისაზღვრება აპლიკაციის საშუალებით და მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.

7.2მომხმარებელი უფლებამოსილია ტარიფი გადაიხადოს მის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი პლასტიკური ბარათით, რომლის მონაცემებიც მომხმარებლის მიერ შეყვანილია აპლიკაციაში.

7.3იმისათვის რომ განხორციელდეს პლასტიკური ბარათის დაკავშირება აპლიკაციასთან, მომხმარებელი ვალდებულია შეიყვანოს შესაბამისი პლასტიკური ბარათის მონაცემები აპლიკაციაში და მონიშნოს ღილაკი „ბარათის დამახსოვრება შემდეგი გადახდებისათვის“.

7.4ტარიფის გადახდა ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით - მომხმარებლის საბანკო ანგარიშიდან ტარიფის ჩამოწერით.

7.5მომხმარებლის აპლიკაციაში გააქტიურებამდე, კომპანია უფლებამოსილია მომხმარებლის ანგარიშიდან ჩამოწეროს დაბრუნებადი მინიმუმი თანხა - 0,5 (ნული მთელი ხუთი) ლარი, პლასტიკური ბარათის გადამოწმების მიზნით.

7.6იმ შემთხვევაში თუ კომპანია ვერ ახორციელებს ტარიფის მომხმარებლის საბანკო ანგარიშიდან ჩამოწერას, უფლებამოსილია მიმართოს ანგარიშსწორების სხვა ხერხერბს, მათ შორის მოთხოვოს მომხმარებელს უნაღდო ანგარიშსწორება, ხოლო მომხმარებელი ვალდებულია დააკმაყოფილოს კომპანიის ასეთი მოთხოვნა 1(ერთი) სამუშაო დღის ვადაში.

7.7იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ვერ ახერხებს ტარიფის ჩამოწერას, გადახდის დღიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში, იგი უფლებამოსილია მომხმარებელს დააკისროს გადასახდელი თანხის 0,5% (ნული მთელი ხუთი პროცენტი) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

7.8კომპანია უფლებამოსილია, დააკისროს მომხმარებელს ნებისმიერი კერძო, საჯარო ან/და მუნიციპალური გადასახადი, ხარჯი, ჯარიმა, პირგასამტეხლო, ფრანშიზა, დაუზღვეველი რისკის ხარჯი და სხვა თანხა, რომელიც პირდაპირ/არაპირდაპირ დაკავშირებულია ხელშეკრულების ფარგლებში მომხმარებლის მოქმედებასთან/უმოქმედობასთან; მომხმარებელი ანიჭებს კომპანიას შეუზღუდავ უფლებამოსილებას ჩამოწეროს ზემოხსნებული თანხები მისი საბანკო ანგარიშიდან დამატებითი თანხმობის გარეშე; ასეთი თანხების ჩამოწერის გზით მიუღებლობის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია მიმართოს ანგარიშსწორების სხვა მეთოდებს, როგორიცაა ნაღდი აგარიშსწორება და ა.შ.


8. პერსონალური ინფორმაცია

8.1მომხმარებელი აცხადებს თანხმობას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების უზრუნველყოფის/სრულყოფის მიზნით, გადასცეს კომპანიას მისი პერსონალური ინფორმაცია, შემდეგში შემოწმების, შენახვისა და დამუშავების მიზნით.

8.2ხელკრულების 7.1. მუხლით განსაზღვრული თანხმობა განიმარტება, როგორც კომპანიისათვის გადაცემული პერსონალური ინფორმაციის დამუშავების უფლება, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირობებით.

8.3მომხმარებლის თანხმობა კომპანიის მიერ მისი პერსონალური ინფორმაციის (მომხმარებლის მიერ მიწოდებული სხვა ინფორმაციის) მიღების, შენახვის, დამუშავების და შემოწმების თაობაზე ძალაში რღება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.


9. კონფიდენციალური ინფორმაცია

9.1ხელშეკრულების მიზნებისთვის, კონფიდენციალურ ინფორმაციად მიიჩნევა, ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც:

ა)ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში კომპანიამ მოიპოვა/მიიღო ხელშეკრულებით ან/და აპლიკაციის მეშვეობით მოხმარებლის შესახებ;

ბ)დაკავშირებულია ხელშეკრულების შინაარსთან, დანართებთან და აპლიკაციასთან.

9.2ინფორმაცია არ არის კონფიდენციალური თუ იგი გახდა საჯაროდ ცნობილი ნებისმიერი სხვა გზით, გარდა ამ ხელშეკრულების დარღვევისა.

9.3კომპანია უზრუნველყოფს კონფიდენციალური ინფორმაციის გაუმჟღავნებლობას, გარდა:

ა)კანონის ან/და სახელმწიფო ან/და სხვა მარეგულირებული ორგანოს კანონიერი მოთხოვნის საფუძველზე;

ბ)ჩამოწერის განხორციელების მიზნით ან/და ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში, კომპანიის მიერ ადგილობრივი ან/და უცხოური კომერციული ბანკის/საფინანსო ინსტიტუტისათვის, თაღლითურ ტრანზაქციებად განცხადებულ ან/და გასაჩივრებულ ტრანსაქციებთან დაკავშირებული ინფორმაციის გადაცემა, ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში.


10. შეტყობინებები

10.1ხელშეკრულებასთან, აპლიკაციასთან ან/და დანართებთან დაკავშირებული შეტყობინება, მომხმარებელს კომპანიის მხრიდან ეგზავნება ელექტრონულ მოწყობილობაზე დარეკვით, მოკლეტექსტური შეტყობინების გაგზავნით ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

10.2მომხმარებლისთვის გაგზავნილი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება კომპანიის მიერ გაგზავნის მომენტიდან.

10.3ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, კომპანია უფლებამოსილია კუმულატიურად ან ალტერნატიულად აირჩიოს და გამოიყენოს შეტყობინების გაგზავნის ნებისმიერი მეთოდი, რომელიც განსაზღვრულია ხელშეკრულებით ან/და საქართველოს კანონმდებლობით.

10.4კომპანიისათვის გაგზავნილი ნებისმიერი შეტყობინება გაგზავნილ უნდა იქნეს ვებ-გვერდზე მითითებულ საკონტაქტო ინფორმაციაზე შესაბამისი ფორმით.

10.5მომხმარებლის მიერ გაგზავნილი შეტყობინება მიიჩნევა ჩაბარებულად, მეიჯარის მიერ ასეთი შეტყობინების დადასტურების მომენტიდან.


11. გარდამავალი დებულებები

11.1ხელშეკრულება განიმარტება და რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.

11.2ხელშეკრულებასთან/დანართ(ებ)თან/აპლიკაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი უთანხმოება/დავა გადაწყდება მოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთვევაში დავა განსახილველად გადაეცემა თბილისის საქალაქო სასამართლოს. მხარეები თანხმდებიან, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ კომპანიის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268 მუხლის 11 ნაწილის მიდევით.

11.3კომპანია და მომხმარებელი თანხმდებიან რომ:

11.3.1აპლიკაციაში რეგისტრაცია უფასოა;

11.3.2მომხმარებლის თანხმობა აპლიკაციით სარგებლობაზე ძალაში რჩება მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის გაუქმებამდე, რაც თავის მხრივ არ იწვევს გაუქმებამდე წარმოშობილი ვალდებულებ(ებ)ის გაუქმებას;

11.3.3აპლიკაცია წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას და მისი ნებისმიერი სახით შეცვლა, გადაცემა ან/და სხვაგვარი განკარგვა ან/და მოდიფიცირება დასაშვებია მხოლოდ კომპანიის მიერ;

11.3.4ხელშეკრულების დებულებებს გააჩნიათ უპირატესი ძალა მხარეტა შორის იმავე საგანზე არსებულ ნებისმიერ მოლაპარაკებასა თუ შეთანხმებაზე;

11.3.5თუ სხვაგვარად არ გამომდინარებს კონტექსტიდან, მხოლობითში გამოყენებული სიტყვები მოიცავს მრავლობითს და მრავლობითში - მხოლობითს;

11.3.6ხელშეკრულებაში გამოყენებული სათაურები ემსახურება ხელშეკრულების აღქმის გაადვილებას და დაუშვებელია გავლენა იქონიოს ხელშეკრულების ფორმასა და განმარტებაზე;

11.3.7იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების ნებისმიერი მუხლი ან დებულება გახდება ბათილი/უკანონო, ასეთი ფაქტი არ გამოიწვევს მთლიანი ხელშეკრულები ან/და სხვა ნებისმიერი ნაწილის ბათილობას ან/და უკანონობას.

11.3.8ხელშეკრულება შედგენილია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე და განთავსებულია მეიჯარის ვებ. გვერდზე. ენებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ქართულ ენას.